ონის მუნიციპალიტეტი
ღები უძველესი სოფელია რაჭაში. ღები სხვა ორ სოფელთან ერთად (ჭიორა, გლოლა) ქმნის ერთ ეთნო-კულტურულ ზონას რომელსაც ეწოდება მთარაჭა. სოფელ ღების ისტორია ძალიან მდიდარია. იგი ითვლის კულტურული ცხოვრების 3500 წელიწადს. არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლინდა უზარმაზარი ნეკროპოლისი, რომელიც დღესდღეობით ბრილის სახელითაა ცნობილი. მისი უძველესი კულტურული ფენა შუა ბრინჯაოს ხანას განეკუთვნება, მაგრამ ყველაფერი გვიჩვენებს, რომ რაჭის რეგიონის ეს ნაწილი ადრეც იყო დასახლებული. ხშირი მიწისძვრების შედეგად ღების ძველი არქიტექტურა პრაქტიკულად არაა შემორჩენილი, თითქმის ყველა კოშკი დანგრეულია. ღები ცნობილია თავისი უნიკალური კლიმატით, მინერალური წყლის წყაროებითა და ულამაზესი ხედებით.