/ კვება, სამზარეულო

ალბათ ბევრი გსმენიათ რაჭული სამზარეულოს შესახებ, მაგრამ იცოდეთ – ნამდვილ რაჭულ კერძებს მხოლოდ რაჭაში თუ გასინჯავთ. სახლის ნატურალური პროდუქტები, ხილი, ბოსტნეული, უგემრიელესი ხორცის ნაწარმი და რა თქმა უნდა ძირძველი კულინარიული ტრადიციები – ეს ყველაფერი ხდის რაჭულ სამზარეულოს უნიკალურსა და განუმეორებელს.



ყველაზე ცნობილი რაჭული კერძები, რომელიც აუცილებლად სწორედ რაჭაში უნდა დააგემოვნოთ:

რაჭული ლობიანი – საქართველოს მასშტაბით ლობიანის ბევრი ვარიანტი შეიძლება შეგხვდეთ, მაგრამ ვერც ერთი შეედრება ნამდვილ რაჭული ლორით გაკეთებულ ლობიანს.

შქმერული – ნამდვილი რაჭული კერძი, რომელიც სრულიად შემთხვევით რაჭის ერთ-ერთ სოფელში, შქმერში გამოიგონეს, დღესდღეობით ძალიან პოპულარულია. ამ კერძის გასასინჯად საუკეთესო ადგილი კი სწორედ რაჭაა.

ლორი – რაჭა ცნობილი თავისი უგემრიელესი ლორით. რაჭული ლორი პოპულარულია არა მარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში. განსაკუთრებით გემრიელია შებოლილი ლორი, რომელიც ხშირად სხვადასხვა რაჭულ კერძებში გვხვდება, მაგ. ლობიოში, ლობიანში და ა.შ. ლორის შებოვლის პროცესი გრძელდება ნოემბრიდან იანვრამდე. ახალი წლის დასაწყისიდან რაჭული ლორი მზადაა დასაგემოვნებლად.

რძის ნაწარმი – რაჭაში ყოფნის დროს, გასინჯეთ ნატურალური რძის ნაწარმიც – არაჟანი, მაწონი, რომელიც ხშორად წიწიბურასთან ერთად გვხვდება. რაჭის კლიმატი იმდენად უნიკალურია, რომ აქ ყველაფერი ხარობს, ყურძნიდან დაწყებული ლობიოთი და კარტოფილით დამთავრებული.

ჩაი – რაჭა ასევე ცნობილია დეკით, მთის მცენარეულობით, რომელსაც სხვანაირად თეთრი როდოდენდრონი ჰქვია და ჩაის სახით მიირთმევენ.