ჩატარების დრო: აგვისტო
ფესტივალი „არტრა“ წარსულსა და მომავალს შორის არსებულ სივრცეში ეძებს იმ
თანამოაზრეებს, რომლებიც, თავიანთი მხრივ, წარსულსა და მომავალს შორის
ცდილობენ ნანახის, ნაფიქრისა და განცდილის დაფიქსირებას.
დღემდე შემორჩენილ დიდ თუ პატარა არტეფაქტებს გადაურჩენია და
ჩვენთვის შემოუნახავს კუთხისადმი დამახასიათებელი კულტურა და ტრადიციები
საუკუნებით გამოვლილი წარსულიდან. ჩვენი მიზანია წარსულსა და მომავალს შორის
გავდოთ დამაკავშირებელი ხიდი,- როგორც პლატფორმა დიალოგისთვის- რომლის
საშუალებითაც ტრადიცია და ნოვაცია, ძველი და ახალი, თანამედროვე ხედვა და
მომავლის გამოწვევებისთვის მზაობა ბუნებრივ თანხვედრაში მოვლენ ერთმანეთთან.
ჩვენი სურვილია არსებულ საჯარო და ალტერნატიულ სივრცეებს მივცეთ გააზრებული
ახალი დატვირთვა. ასევე ადგილობრივი ხელოვანების თანამონაწილეობით
მაქსიმალურად ავითვისოთ და გავააქტიუროთ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
რაიონული ცენტრების მუზეუმებსა და კულტურის სახლებში არსებული საგამოფენო
სივრცეები. ორგანიზატორებს სურთ, ფესტივალის პროცესში ჩართონ ადგილობრივი
საგანმანათლებლო, ასევე სამხატვრო სკოლები, იქაური პედაგოგები და მოსწავლეები.
ვფიქრობთ, მომავალი თაობის აქტიური მონაწილეობა სახელოვნებო ინიციატივებში,
წარსულისა და მომავლის დამაკავშირებელი კულტურული სივრცის გაჯანსაღებაში
მნიშვნელოვან როლს შეასრულებს